შსს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შსს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“შეისწავლონ, ხომ არაა დანაშაული ჩადენილი სიძულვილის მოტივით” – SJC შსს-ს მიმართავს
შემდეგი სტატიაცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს