შსს გიორგი ჭანტურიაზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

შინაგან საქეთა სამინისტრო სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ გიორგი ჭანტურიაზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს.

უწყება მოუწოდებთ ყველა მხარეს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკავონ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 17 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა გიორგი ჭანტურია, რომელიც მოგვიანებით გათავისუფლდა. გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, სხვა ფაქტებთან ერთად, გამოიკვეთა, რომ გიორგი ჭანტურია იყო ის პირი, რომელმაც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობამდე ნახა.

“შესაბამისად, გამოკითხვის დროს, ჭანტურიას სამართალდამცველებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვები მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით.
აღნიშნული არის დანაშაულის გამოძიების სტანდარტული და ფართოდ აპრობირებული ტაქტიკა. შესაბამისად, ყოველგვარი განცხადებები ზეწოლის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკავონ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ ჭანტურიას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე მკვლელობის აღიარებას სთხოვდა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელიამ ბერლინში ორმხრივი შეხვედრები გამართა
შემდეგი სტატია“ახალი საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შეცვლას და გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვს