შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ასევე განცხადება ხვალინდელ აქციებსაც შეეხება, რომლებიც პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად უნდა ჩატარდეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება აკრძალულია. შსს-ში აღნიშნავენ, რომ პარლამენტი და მთავრობის ადმინისტრაცია სწორედ ასეთ ობიექტებს წარმოადგენენ.
“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა.
მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდებით.
დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება.
გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები.
შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
***
დღეს, 24 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.