შს მინისტრმა საჩხერეში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ დათო ნიკოლეიშვილთან ერთად, საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მომსახურების სააგენტოს ახალმა სამსახურმა გახსნის დღესვე პირველი მომხმარებელი მიიღო, რომელსაც ავტომანქანის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი თავად შს მინისტრმა გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა მართვის მოწმობის სატესტო გამოცდა ერთ-ერთი მოქალაქისაგან პირადად ჩაიბარა და მომსახურების სააგენტოს ახლადგახსნილ ოფისში მისულ ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

მომსახურების სააგენტოს საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილზე მდებარეობს. მისი გახსნის შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სააგენტოს ყველა არსებული სერვისით ადგილზე ისარგებლონ. მომსახურების სააგენტოს ახალ ოფისში ადგილობრივი მცხოვრებლები სხვადასხვა სახის ცნობის მიღებას, მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას, ასევე, ავტომანქანებთან და იარაღთან დაკავშირებული პროცედურების გავლას შეძლებენ.

შენობა უახლესი ტექნიკით და ინვენტარით არის აღჭურვილი, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარი 2.4716 ლარი გახდა