რით იმართლებს თავს გელა გელაძე? – დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ TV პირველის ჟურნალისტი იზოლატორში გააშიშვლეს.
გელაძის უწყებაში ახლა ამტკიცებენ, რომ ეს პროცედურა იმისთვის დასჭირდათ, რომ შეემოწმებინათ ჰქონდა თუ არა დაკავების შემდეგ დაზიანებები მედიის წარმომადგენელს.
სამინისტრო ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მხრიდან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც დაკავებული ჟურნალისტი კატეგორიულად გამორიცხავს.
კადრებში ჩანს, რომ გიორგი მამნიაშვილი ვიდეომასალას იღებს, რა დროსაც, მას პოლიციის ერთ ერთი მაღალჩინოსნის, ლაშა სალუქვაძის მითითებით აკავებენ.
დარახველიძის თქმით, შსს ყველა საჭირო მტკიცებულებას წარადგენს სასამართლოში, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა ჟურნალისტის მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.
“ჩვენ წარვადგენთ ყველა საჭირო მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ადამიანის შესახლება ხდება, სავალდებულოა და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. ასევე, ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მან არ შეიტანოს აკრძალული ნივთი დაწესებულებაში. ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, სტამბოლის პროტოკოლის. შესაბამისად, ხორციელდება ყველა იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ასევე ჩვენი კანონმდებლობით“,- განაცხადა დარახველიძემ.
რაც შეეხება ე.წ. ბუქნების კეთებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ შემოწმება კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
















