შს მინისტრის მოადგილე – არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პირებს ბრალდება წაუყენონ

არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებული პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს – ზურაბ მახარაძე იქნება თუ სხვა, თუკი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება რეაგირება, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 5-6 ივლისის მოვლენებზე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ დაინტერესებაზე საუბარი გაუგებარია იმ ფონზე, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში.

“5-6 ივლისის მოვლენებზე შსს აქტიურ გამოძიებას ახორციელებს 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე და 31 პირი უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პირის მიმართ რომ ბრალის წაყენების შესაძლებლობა დადგეს და მისი პასუხისგება მოხდეს, საჭიროა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები. მე რამდენადაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს, სისხლის სამართლის მასალებზე მას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წაუყენოს პირს ბრალი, ბუნებრივია, მოხდება ბრალის წაყენება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს. გაუგებარია პოლიტიკურ ნიშანზე საუბარი მაშინ, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში, მათ შორის, იმ პირებზე, რომლებზეც საუბრობენ, რომ სახელმწიფო არის მათ მიმართ შემწყნარებელი, მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, არაერთი ნივთი იქნა ამოღებული, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება. სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ მას აქვს მხოლოდ დასრულებული სისხლის სამართლის საქმეებზე მასალების გაცნობის შესაძლებლობა, თუ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები და მას ექნება შესაბამისი საპროცესო უფლებები, მოხდება მისთვის მასალებიც გაცნობა. 700- მდე ადამიანია გამოკითხული, არაერთი მტკიცებულებაა დამატებული საქმეში, გაჭიანურებას რას ეძახით, არ ვიცი,”- განაცხადა დარახველიძემ.

banner
წინა სტატიაშიN8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ „ჩერის“ მოსავლის აღება გრძელდება
შემდეგი სტატიაარაეფექტიანი პარლამენტი და ძალადობა რეაგირების გარეშე – SJC 5-6 ივლისის მოვლენებზე