შს მინისტრი: სისტემა, ისე, როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე

“ხაზგასმით ვაცხადებ, სისტემა, როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე”,- ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა .

“ჩვენს სისტემაში 40 ათას პოლიციელამდე მუშაობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ეს ადამიანები თქვენი ოჯახების, თქვენი, თქვენი შვილების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას ნუ მიაყენებთ ჩრდილს მთელ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას.

ხაზგასმით ვაცხადებ, სისტემა, როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი. შესაძლოა, ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გამიწიონ კონკრეტული შემთხვევების ან შესაძლო გადაცდომების მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შეცდომების განზოგადება მთლიანად შსს-ს მასშტაბით.

ადამიანები, რომლებიც შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს, კარგად იციან, რომ პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტია და მისი დაკნინება შეასუსტებს თავად ქვეყანას”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) გიორგი მღებრიშვილი : “არ დავუშვებთ არცერთი მოქალაქის უფლების ხელყოფას, არავის დავაფარებთ ხელს”
შემდეგი სტატიამღებრიშვილი : მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობთ პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას