25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

შს მინისტრი გორში მომხდარ ძალადობაზე: ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გორში ორი მოქალაქის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი შეაფასა. მინისტრის განცხადებით, მომხდარი „ძალიან მძიმე შემთხვევაა“, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიციელებს მოქალაქეებზე ძალადობის ბრძანება არავისგან მიუღიათ.

თამაზაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მომხდარზე სახელმწიფომ რეაგირება უკვე მოახდინა და საქმის დეტალებში ღრმად შესვლა საჭირო აღარ არის:

„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და ფაქტი, თუმცა დღეს მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია დღეს ვთქვა. ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა“, — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოხდა, სადაც სამართალდამცავები ორ პირს — პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ექვსი სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც ძალადობით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, გამოძიება დაწყებულია უშუალოდ დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ წინააღმდეგობასა და ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ყაველაშვილი: პოლიციელის მუნდირი ღირსების, სიმამაცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების სიმბოლოა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: მიუხედავად მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე შემთხვევებისა, პოლიციელობა ყოველთვის საპატიო პროფესიაა