შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანულ მედიაში საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ საუბრობს

mxevrishvili2016 წლის 1 მარტს გამომცემლობამ The Huffington Post გამოაქვეყნა სტატია
სათაურით – „რატომ მოაქვს თანამშრომლობას უფრო მეტი, ვიდრე საზღვრების
დახურვას“. სტატიაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი
მღებრიშვილი უსაფრთხოებისა და კრიმინალთან ბრძოლის საკითხებში საქართველოსა
და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე
საუბრობს და ამ კუთხით საქართველოს გერმანიის საიმედო პარტნიორად
ასახელებს:
„უსაფრთხოების გაუმჯობესება დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში უფრო მეტად
დამოკიდებულია საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ვიდრე საზღვრების დახურვაზე.
საქართველო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არის სანდო და კომპეტენტური
პარტნიორი გერმანიისათვის. ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება
გვპირდება გაზრდილ უსაფრთხოებას ყველასთვის“, – აღნიშნავს გიორგი
მღებრიშვილი.
შს მინისტრი განმარტავს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში
მოყვანისათვის აუცილებელი რეფორმების გატარებამ, კრიმინალთან ბრძოლაში
საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების
გაუმჯობესება გამოიწვია. როგორც გიორგი მღებრიშვილი აღნიშნავს,
არალეგალური, საზღვრისპირა დანაშაულებრივი საქმიანობის აღსაკვეთად
საქართველო ინტენსიურად მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან, რაზეც ქართულ
მხარესთან თანამშრომლობით გერმანიაში ქართველი მოქალაქეების მიერ ჩადენილი
დანაშაულის დიდი ნაწილის დაუყოვნებლივ გახსნაც მიუთითებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, „სამართლებრივი სახელმწიფო წარმოადგენს
საქართველოს მთავრობის ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების
საფუძველს, რომელთაც ხელი შეუწყვეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ამ
ინტეგრაციამ გაზარდა ჩვენი სამართლებრივი ჩარჩო-პირობები და ინსტიტუციური
შესაძლებლობები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში. მისი
მეშვეობით გაძლიერდა, ასევე, ჩვენი შესაძლებლობები ევროპელ პარტნიორებთან
ეფექტური თანამშრომლობის კუთხით, უკანონო ტრანსსასაზღვრო საქმიანობის
წინააღმდეგ სამოქმედოდ და მათ აღსაკვეთად… ორმხრივმა თანამშრომლობამ
საპოლიციო სფეროში მნიშვნელოვნად გაზარდა დანაშაულის გამოვლენის
მაჩვენებელი და რეადმისიის მოთხოვნათა 90%-ზე მეტი
დაკმაყოფილდა…საქართველომ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის
პროცესში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საზღვრის კონტროლი და მიგრაციის
მართვის მექანიზმები, მაგალითად, შემოღებული იქნა ბიომეტრული პასპორტები“.
სტატიაში გიორგი მღებრიშვილი საქართველოსა და გერმანიას შორის სამართლებრივ
საკითხებში არსებული თანამშრომლობის ფორმებზეც საუბრობს და ხაზგასმით
აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი შეთანხმებების პლატფორმების გარდა, როგორიცაა
ევროპოლი და ინტერპოლი, საქართველო და გერმანია ასევე აძლიერებენ
უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობას ინფორმაციის უფრო აქტიური გაცვლითა და
პრევენციული თანამშრომლობით. შს მინისტრის თქმით, დანაშაულის თავიდან
აცილებისა და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში ორმხრივი სამუშაო ჯგუფის
შექმნითა და ბერლინში პოლიციის ატაშის წარგზავნით, საქართველო-გერმანიის
თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა.
„საქართველო და გერმანია იზიარებენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და
სამართლებრივი სახელმწიფოს ერთნაირ ღირებულებებს. ჩვენ, ასევე, ვიზიარებთ
საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ვალდებულებებს, როგორც საფუძველს
გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის. უვიზო მიმოსვლა
გააღრმავებს და გააძლიერებს კონტაქტებსა და ორ ქვეყანას შორის
თანამშრომლობას. ეს ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება,“ – აცხადებს
გიორგი მღებრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მაშველებს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
შემდეგი სტატიაჩინეთში აჩვენეს რეკლამა, სადაც ცხვირიდან გაზრდილი თმებით ადამიანები თავს იცავენ (ვიდეო)