შს მინისტრი ე.წ “ჩადებებთან” დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 10, 2017 03:15

შს მინისტრი ე.წ “ჩადებებთან” დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს

“ეს ტერმინი მოდად იქცა. ეს არის ეფექტური საშუალება იმისა, რომ ამა თუ იმ კრიმინალმა, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დააბრალოს პოლიციელს, რომ თითქოს პოლიციელმა მას რაღაც “ჩაუდო”, ან ნარკოტიკი ან იარაღი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ტენდენციასთან გვაქვს საქმე. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ერთ-ერთი კომპონენტია იმ დიდი შემოტევის, რასაც ჰქვია ჩვენი სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია. სისტემაში მუშაობს დაახლოებით 40 ათასი თანამშრომელი. თეორიული შანსი იმისა, რომ ვიღაც არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ თქვენ თუ გადახედავთ გენერალური ინსპექციის სტატისტიკას, მიხვდებით რომ ჩვენ შეუწყნარებლები ვართ ჩვენი თითოეული თანამშრომლის გადაცდომის მიმართ. არაერთი თანამშრომელია დასჯილი, არაერთი თანამშრომელი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ როგორც ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ასევე ვრეაგირებთ ჩვენი თანამშრომლების ყველა გადაცდომაზე. და ერთეული შემთხვევებით არ შეიძლება მთელ სისტემას ჩირქი მოვცხოთ და ერთეული გადაცდომებით არ შეიძლება შევაფასოთ მთელი სისტემის მუშაობა”,– ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა პაკელიანის სკანდალურ თემას შეეხო 

 

“პაკელიანი სიკვდილს გადაარჩინა პოლიციამ და პოლიციელებმა, რომლებიც იქ იყვნენ. ეს თვითონაც აღიარა, რომ როდესაც ხორციელდებოდა დევნა, მას თან ჰქონდა ეგრეთ წოდებული ბიო, ნარკოტიკი, რომელიც მან მიიღო, გადაყლაპა. რომ არა პოლიციელების მყისიერი რეაგირება, ეს ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა. მაგრამ იქნა დაშვებული შეცდომა. მისი ამ ფორმით გაჩხრეკის უფლება პოლიციელს ჰქონდა, მაგრამ არა სხვა პირების თანდასწრებით. თქვენ კადრებში ნახეთ ალბათ, რომ მის ჩხრეკას ესწრებიან სხვა პირებიც. ამაზე მე მქონდა ასევე მყისიერი რეაქცია. მე ეს კადრები არ მინახავს მაშინ, როდესაც ის მედია საშუალებებით გავრცელდა, ეს კადრები ბევრად ადრე ვნახე. ჩვენი მხრიდან ამაზე ოპერატიული რეაგირება მოხდა, მასალები გადაიგზავნა პროკურატურაში, ამ ფაქტზეც მიმდინარეობს გამოძიება და ამ განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან არა მას შემდეგ რაც კადრები გავრცელდა, არამედ ბევრად უფრო ადრე, ამ ფაქტიდან მეორე თუ მესამე დღესვე”-აღნიშნა მინისტრმა. მისივე განცხადებით  ამ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს პროკურატურა. ეს კადრები დართულია სისხლის სამართლის საქმეზე. ჩემი ინფორმაციით, როგორც მხარის, პაკელიანის ადვოკატის ხელში ეს კადრები მტკიცებულებების გაცვლის დროს მოხვდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ მისი ადვოკატის მიერ იყოს ეს კადრები გავრცელებული, მაგრამ 100%-ით, დაზუსტებით ამას ვერ გეტყვით. თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ წვდომა ამ კადრებთან პოლიციელებს ნამდვილად არ ჰქონდათ-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში .

” კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის რომ ვინმე ვინმეს ან ნარკოტიკს უდებდეს, ან იარაღს, ამის თეორიული შანსი, რაღა თქმა უნდა, არის, მაგრამ ასეთ გამოვლინებებს ჩვენ ხელს არ დავაფარებთ. საზოგადოება ჩვენ გვთხოვს წესრიგს. დაკვეთა არის ძალიან მარტივი, უნდა იყოს წესრიგი. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც ჩვენ ვაკავებთ ამა თუ იმ პირს, კრიმინალს იარაღით, მაშინვე იწყებს ყვირილს, რომ ეს იარაღი არის ჩადებული პოლიციელის მიერ. მაშინ როდესაც მედია საშუალებები ასეთ ადამიანებს მსხვერპლად გამოიყვანენ, მაშინ როდესაც მიზანმიმართულად ხორციელდება თავდასხმა პოლიციაზე და…  ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა და მინდა გითხრათ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით”-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 10, 2017 03:15

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics