შს მინისტრი არ გადადგება – საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი აქციის მონაწილეებს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს და მომიტინგეების მთავარ მოთხოვნას, რომ გადადგეს შს მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მომიტინგეების ორი მთავარი მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა. ხოლო რაც შეეხება, გახარიას გადადგომას, ამაზე დეპუტატი აცხადებს, რომ მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება, საჭიროებას გუნდი ვერ ხედავს.

„აქციის მონაწილეებს ჰქონდათ რამდენიმე მოთხოვნა და ორი ძირითადი მოთხოვნა ამ მოთხოვნებიდან არის დაკმაყოფილებული. ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც არის ძალიან სერიოზული – ეს შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას და ასევე, ფუნდამენტურ ცვლილებას საარჩევნო სისტემის. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მგონი, საკმაოდ ნათლად, მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის აუცილებელი, არის ის, რომ გამოძიებული იქნას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ და შემდგომ მოგვიანებით, გამთენიისას, თბილისის სხვადასხვა წერტილში, ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად და იქნება მკაცრი და ასევე, გამოძიება, შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევების,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შს მინისტრი რომ ახლა არ გადადგება, ამაზე ისაუბრა ასევე „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა გაბუნიამ. ის გახარიას განცხადებას კიდევ ერთხელ იმეორებს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შს მინისტრი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე გამოძიების დასრულების შემდეგ აიღებს.

„მე ეჭვი არ მეპარება იმ ახალგაზრდების პროტესტის გულწრფელობაში, რომლებიც უკვე მე-9 თუ მე-10 დღეა, რუსთაველის გამზირზე აპროტესტებენ და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას და პროტესტს. მე აბსოლუტურად მესმის მათი გულწრფელობისა, თუმცა, საფუძველი ამ კრიტიკის ამ მოთხოვნების, სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, მით უმეტეს, როცა მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ ის არის მზად, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეს არის ძალიან ადეკვატური განცხადება,“ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის წინ აქცია უკვე მე-10 დღეა, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნიდან ერთი დარჩა დაუკმაყოფილებელი, რომელიც შს მინისტრის გადადგომას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიტოივო კლაარი ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ჩვენი პოზიცია ნათელია, მზად ვართ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვქონდეს დისკუსია