შრომის ინსპექტირების შედეგად, რიგ დაწესებულებებში, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობისა და ელექტროუსაფრთხოების გაუმართაობის შემთხვევები გამოვლინდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება 176 ობიექტზე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, 99 კომპანია შემოწმდა.

შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების არსებობის გამო, ერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექტორებმა შვიდი უბედური შემთხვევა გამოიკვლიეს.

176 ობიექტზე შემოწმების შედეგად, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის – 155, ელექტროუსაფრთხოების გაუმართაობის – 80, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის – 63, კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობის – 14, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის – 17, მიკროკლიმატის დაუცველობის – 70, მომეტებული საწარმო ხმაურის – 18, მომეტებული მტვრიანობის – 11 და სხვა ტიპის შემთხვევები გამოვლინდა.

ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, შრომის ინსპექტირების ინსტიტუტის ეფექტიანობაზე განმეორებითი შემოწმების შედეგებიც მეტყველებს.

მისივე განმარტებით, 157 ობიექტზე ჩატარებული რემონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვნად გამოსწორდა კომპანიებში ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროსისტემები, გაუმჯობესდა კოლექტიური დაცვის საშუალებები, დასაქმებულებს მიეწოდათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

ამავე წელს, შემოწმების პროცესის სრულყოფის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ტემპერატურის, ტენიანობის, მტვრის, განათების, ხმაურის მზომი ხელსაწყოები შეისყიდა. შრომის ინსპექტორებს კი, სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ.

მომზადდა „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი.

2017 წელს დეპარტამენტის პრიორიტეტს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით ნებაყოფლობითიდან სავალდებულო ინსპექტირებაზე გადასვლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზება, ინსპექტორების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, სერტიფიცირება, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ
შემდეგი სტატიანორვეგიელი პროკურორი: მკვლელი ბრეივიკი საშიშია, როგორც არასოდეს