შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისის განახლება საზოგადოების ნაწილმა სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა.

საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული დაშვება სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით იყო განმარტებული ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ, ქორწინების მსურველებისა და მათი თანმხლები პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ათ პირს, ასევე, სარეგისტრაციო სივრცეში თითოეული მათგანი წარმოდგენილი უნდა იყოს პირბადით. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა რეგულაციის შემსუბუქება და ის სოციალური ღონისძიების – ქორწინების საზეიმო ცერემონიის ნებართვასთან გააიგივა.

შესაბამისად, შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ განუმარტავს მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას. გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მოქმედიო შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ ათი პირის მონაწილეობით. ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

შრომის ინსპექციის სამსახური, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, აგრძელებს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან დადგენილი წესები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა
შემდეგი სტატიახონსკი, გიბონა, ტყვლიპე -ქურდული სამყაროს წევრობისთვის 13 პირი დააკავეს