საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიბიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, შრომის ინსპექციის სამსახურმა 2025 წელს შემოწმებული 321 სამედიცონო დაწესებულებიდან მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა 4 კლინიკაში დააფიქსირა.
“შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2025 წელს, ჯამში, 321 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა – მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა 4 კლინიკაში დაფიქსირდა, რაც ჯამური რაოდენობის მხოლოდ 1 %-ია.
მაშინ როდესაც, 2023 წელს შემოწმდა 249 კლინიკა. მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა გამოვლინდა 32 დაწესებულებაში, რაც ჯამური ოდენობის 13 %-ს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გამოვლენილი მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა უკვე აღმოფხვრილია ოთხივე კლინიკაში”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებითვე, ცვლილება 2023 წელს ამოქმედდა და მისი მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის, ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.
რეფორმის პირველ ეტაპზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდა ექიმებისა (საათში არანაკლებ 7 ლარისა, დარიცხული) და ექთნებისთვის (საათში არანაკლებ 4.4 ლარისა, დარიცხული) .
მეორე ეტაპზე კი განისაზღვრა შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალისთვის: უმცროსი ექიმი – საათში არანაკლებ 5 ლარისა (დარიცხული); ექთნის თანაშემწე – საათში არანაკლებ 3,5 ლარისა, (დარიცხული) ბებიაქალი – საათში არანაკლებ 4,4 ლარისა (დარიცხული) სანიტარი – საათში არანაკლებ 3 ლარისა (დარიცხული).
რეფორმა ამოქმედებიდან დღემდე, 25000-ზე მეტ დასაქმებულს შეეხო.

















