შრი-ლანკას სპეცსამსახურებმა იცოდნენ, რომ ტერაქტების სერია მზადდებოდა

შრი-ლანკას მთავრობამ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო იმაზე, რომ ქვეყანაში ტერაქტების სერია მზადდებოდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გამოძიებაა დაწყებული.

შრი-ლანკაში ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმების შედეგად 321 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე დაშავებულია. დაღუპულია 45-მდე ბავშვი.

როგორც გავრცელდა, სპეცსამსახურები ჯიჰადისტების ადგილობრივ დაჯგუფება “ჯამატ ატ-ტაუხიდ ალ-ვატანიას” უთვალთვალებდნენ, მათ პოლიციას აცნობეს ტერორისტების მზაობის შესახებ. მთავრობის წევრთა თქმით, ქვეყნის პრემიერი რანილ ვიკრამასინგზე და კაბინეტი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

მთავრობის პრეს-მდივანმა რაჯიტ სენარატნემ პრეს-კონფერეციაზე თქვა, რომ ტერაქტების მომზადების შესახებ ინფორმაცია 4 აპრილს უკვე ჰქნდათ, რომლის შემდეგადაც თავდაცვის სამინისტრომ პოლიციის შეფს დეტალური მოხსენება გაუგზავნა, 11 აპრილს კი უშიშროების სამსახურების ადგილობრივ ხელმძღვანელებს გაეგზავნათ ინფორმაცია.
პრეს-მდივნის თქმით, გაგზავნილი მოხსენება, ასევე, მოიცავდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ შეტევაზე გაფრთხილებას და ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრთა სახელებსა და გვარებს. ამის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა უმაღლესი მოსამართლის ხელმძღვანელობით სპეციალური კომიტეტი შეკრიბა.

ქალაქის დაგეგმარების მინისტრმა რაუდ ჰაკიმმა მომხდარს “სპეცსამსახურების კოლოსალური ჩავარდნა” უწოდა. “ეს ყველა ჩვენთაგანის სირცხვილია. ყველა ჩვენთაგანს რცხვენია ამის გამო” – თქვა მან.

ტელეკომინიკაციების მინისტრმა ჰარინ ფერნანდომ “ტვიტერში” დაწერა: “დაზვერვის ზოგიერთ თანამშრომელს ინფორმაცია ჰქონდა ამის შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ვერ შესრულდა. სეროზული ზომებია მისაღები რომ გავარკვიოთ, რატომ მოხდა ამ გაფრთხილების იგნორირება”.

შრი-ლანკას მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც წუხელ შუაღამიდან მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას უფლებას აძლევს სასამართლოს ნებართვის გარეშე დააკავონ და დაკითხონ ეჭვმიტანილები.

პოლიციელებმა რეიდბის დროს 40 ეჭვმიტანილი დააკავეს. მთავრობამ, ასევე, განაცხადა, რომ ავტობუსების გაჩერებებზე 87 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი – ქართული სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“, ასეთი შემხვედრი ნაბიჯები არავისთვის გადაგვიდგამს
შემდეგი სტატია„თბილისი პრაიდის“ გუნდმა შსს-სთან „ღირსების მარშის” საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა