შოვის ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგ სოფელ გლოლაში, რომელიც სტიქიის ზონიდან 4 კილომეტრშია მეწყერის მონიტორინგის სისტემას დააყენებენ. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. წინასწარი გათვლებით მონიტორინგის სისტემა 15 ნოემბრამდე უნდა განათავსონ.
გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყერის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისემის დაყენებას ონის, მესტიის, ახმეტისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში გეგმავს:
- სოფელი გლოლა (ონი 13 და ონი 14) – არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;
- სოფელი ჟაბეში (მესტია 32 და მესტია 20) – არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა;
- დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგი 6 და ყაზბეგი 9) – არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა;
- სოფელი დართლო (ახმეტა1) – არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა.
ამ მომსახურებისთვის ჯამში 1 400 000 ევროა გათვალისწინებული.
„ბოლო წლების განმავლობაში, მასშტაბური სტიქიური პროცესების განვითარების მზარდი დინამიკა, ადასტურებს ადრეული შეტყობინებისა და რისკის ზონებში უწყვეტი მონიტორინგის სისტემების აუცილებლობას“, – მიწერა გარემოს ეროვნული სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს.
2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში (გლოლადან რამდენიმე კილომეტრში), მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.


















