შოვში მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე ქალია. მის შვილს, რომელიც ასევე სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, მაშველები ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად უკრაინელი ქალი გარდაიცვალა. მისი შვილის ძებნა, რომელიც, ასევე, იმყოფებოდა ტრაგედიის ადგილზე, გრძელდება”, – ნათქვამია ანგარიშში.
გამოცემის ცნობით, უკრაინის საელჩომ საქართველოში უკვე დაამყარა კონტაქტი გარდაცვლილის ნათესავებთან და თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან ცხედრის გადასასვენებლად.
ასევე, უკრაინელი დიპლომატები ამოწმებენ, იყვნენ თუ არა სხვა უკრაინელები საკურორტო სოფელ შოვში, სადაც ძლიერი მეწყერი ჩამოწვა.