სალომე სიმონია სოციალურ ქსელში თელავში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.
“დაახლოებით 800 000 ადამიანი ისეთი რისკის ზონაში ცხოვრობს – როდის, საიდან და რა სტიქიური უბედურება დაატყდება თავს, არც იციან.
არადა, დასახლებული პუნქტების 20% მაღალი საშიშროების ზონაშია განთავსებულიო – გარემოს ეროვნული სააგენტო წერს მის ანგარიშში.
თუმცა მოსახლეობა ინფორმირებული არ არის ამის თაობაზე. იმაზე, რომ იქ მაცხოვრებლების სიცოცხლე დაცული იყოს – საერთოდ ზედმეტია საუბარი.
სამაგიეროდ, შოვში, მაღალი რისკის ზონაში, ოცნების მაღალჩინოსანმა მდინარეს დამცავი ჯებირები არ გაუკეთა და ტენდერის ფული მოიპარა.
ზუსტად იმ ადგილას, ღვარცოფმა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ კაცს ბრალი წაუყენეს, მაგრამ 17 ადამიანს ეგ არაფერში დაეხმარა.
ყველა ქვეყანაში ხდება სტიქია, თუმცა ნორმალურ ქვეყნებს ამდენი ადამიანი არ ეხოცება ყველა სტიქიის დროს, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე.
ზუსტად იმიტომ რომ ასე უმოწყალოდ არ ძარცვავენ საკუთარ მოსახლეობას და ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილისთვის არ სწირავენ.
თან არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ გასცემს მშენებლობის ნებართვებს ღვარცოფული მდინარის კალაპოტში.
როგორც ოცნებამ გასცა ნებართვა სასტუმროს ასაშენებლად მდინარე არაგვის კალაპოტში.
როგორც საბავშვო ბაღი ააშენა მდ. ღარულას ჭალაში, რაჭაში. შოვის ტრაგედიიდან ზუსტად ერთ წელში.
შოვის უბედურების ზონაში 18 მეტრიანი კორპუსების აშენებაზე ნებართვა ჰქონდათ გაცემული.
როგორც 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, უფრო მეტი განაშენიანება მოხდა ზუსტად სტიქიის ზონაში.
ტრაგედიიდან ტრაგედიამდე მცხოვრებ ხალხს, ძალაუფლების მიმტაცებლები ეუბნებიან: სტიქია ყველგან ხდება, მშვიდად უყურეთ როგორ კვდებით და ჩვენ კი – ვმდიდრდებითო.
ფოტოზე თელავის გუშინდელი სტიქიაა, რომლის შესახებაც 5 წლის წინ პროგნოზირებდნენ სპეციალისტები”,_ წერს სალომე სიმონია.














