შოტლანდიაში აფხაზ “ბოევიკთა” მემორიალის დემონტაჟი მოხდება

სოხუმის მარიონეტული რეჟიმი აღშფოთებულია დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელსაც განზრახული აქვს შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში არსებული “აფხაზი მეომრების მემორიალის” დემონტაჟი. ეს ე.წ. მემორიალი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, 90-იან წლებში გახსნეს. იგი ეძღვნება აფხაზი “ბოევიკების” ხსოვნას, რომლებმაც არაერთი ქართველი და სხვა ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს აფხაზეთის ომის დროს. სოხუმი და კილმარნოკი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იყვნენ ე.წ. დაძმობილებული ქალაქები და ერთმანეთთან ურთიერთობას იყენებდნენ შოტლანდიასა და აფხაზეთში სეპარატიზმის გასაღვივებლად.
როგორც სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ქალაქ კილმარნოკში არსებული “აფხაზი მეომრების მემორიალის” დემონტაჟის შესახებ, წარმოადგენს ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივას.
ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების ამგვარ “ბარბაროსულ ნაბიჯებს” აფასებს, როგორც “ქართული აგრესიული და ანტიჰუმანური პოლიტიკის კიდევ ერთ გამოვლინებად, რომელიც მიმართულია აფხაზეთის და მისი ხალხის წინააღმდეგ”.
“საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების ასეთი საქცილი წარმოადგეს ვანდალიზმის აქტს და მიზნად ისახავს აფხაზი ხალხის ისტორიული ხსოვნის აღმოფხვრას”. – აღნიშნავს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინიტრო თავის საიტზე განთავსებულ კომენტარში და მოუწოდებს ჟენევის ფორმატის საერთაშორისო შუამავლებს “ადეკვატური და ობიექტური შეფასება მისცენ საქართველოს ხელისუფლების დესტრუქციულ ქმედებებს”.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის 11 წლის ვაჟი კიევის “ბორისპოლის” აეროპორტში დააკავეს |ვიდეო|
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის 11 წლის ვაჟი მამას დაუბრუნეს