საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
ირაკლი შოთაძის თქმით, დაკითხულია ასეულობით მოქალაქე, დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები და დაზარალებულებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე.
„ისინი ჩართული არიან გამოძიების პროცესში და თითოეული მათი შუამდგომლობა, პოზიცია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებთან გათვალისწინებულია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.