შოთა შალელაშვილმა პარლამენტს სადეპუტატო მანდატის მოხსნის თხოვნით მიმართა

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი შოთა შალელაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს. დეპუტატმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს დღეს დილით მიმართა.

დეპუტატის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შოთა შალელაშვილს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

შოთა შალელაშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

შალელაშვილი ფრაქცია “მრეწველების” წევრი იყო, რომელიც მან მიმდინარე წლის მარტში დატოვა და ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” გადავიდა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრს შოთა შალელაშვილს არაერთი ხმაურიანი განცხადება აქვს გაკეთებული, მათ შორის პარლამენტში დაჯგუფებების არსებობის შესახებ.

დეპუტატი აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად დაჯგუფება იღებდა და ამ დაჯგუფების წევრებად პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუნდს ასახელებდა.

შოთა შალელაშვილი არც აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკას მორიდებია, მათ შორის იყო განცხადება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით, როდესაც მან სახალხო დამცველი გააკრიტიკა.

“საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით”, – აცხადებდა დეპუტატი.

შოთა შალელაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც პატარა პარტიების პარლამენტში მოხვედრასთან დაკავშირებით საარჩევნო ბარიერის მინიმუმამდე დაწევის ინიციატივით გამოვიდა.

ასევე, დეპუტატმა ინიციატივით მიმართა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს მთავრობა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქის ოფიციალურად აღიარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას შეერთებოდა და ყოფილიყო პირველი სახელმწიფო, რომელიც ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა.

შოთა შალელაშვილი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. 60 წლის შალელაშვილს, რომელსაც ხშირად ოლიგარქად მოიხსენიებენ, განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. სხვადასხვა დროს იყო მრავალდარგობრივი კომპანია “სოფას” გენერალური დირექტორი; “ინტერის”, “დაგრეგოს”, “ოპალლის”, “ტრანსსერვისის”, “სანტრეას” და “სავინიონის” დირექტორი.

შალელაშვილი საქართველოს პარლამენტის პირველი დეპუტატია, რომელიც საქართველოსთან ერთად ისრაელის მოქალაქეობასაც ფლობს.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის უჩივის
შემდეგი სტატიაანდერს ფოგ რასმუსენი : მე კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ამოეწურა, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია