შოთა შალელაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

“მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებთან.

როგორც ადრე განვაცხადე, წერილობით მივმართე კონგრესში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტს, რასაც მოჰყვა ჩემი შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა კონგრესმენთან.

შეხვედრები გაიმართა აშშ-ის ათეულობით კონგრესმენთან, მათ შორის – ბრაიან მასტთან, შეილა ჯეკსონ ლისთან, როდნი დევისთან, პაულ ქოზართან, სტივ რასელთან, ერიკ პაულსთან და ა.შ. ყველა მათგანმა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.

ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩემი მისამართით გაჟღერებულ გამონათქვამებზე, კონგრესმენებმა დაგმეს მისი განცხადებები და აღნიშნეს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები 21-ე საუკუნეში მიუღებელია.

გარდა ამისა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს. კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებს მთელ რიგ საკითხებში.

შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ წელიწადში ორჯერ – საქართველოს და ამერიკაში ფორუმი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კონგრესმენები, საქართველოსა და ნატო-ს თემაზე მომუშავე ექსპერტები, ასევე დემოკრატიის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.

ასევე ვისაუბრეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შშმ ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ, რომელიც თბილისში ჩემი ინიციატივით და სახსრებით შენდება, მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. კონგრესმენებმა სარეაბილიტაციო ცენტრთან დაკავშირებით აღფრთოვანება გამოხატეს და სოციალური მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ თითოეული შეხვედრა იყო ნაყოფიერი, კონგრესმენები ჩვენი ქვეყნის განვითარებას მტკიცედ უჭერენ მხარს. ასევე მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ უნდა მოხდეს დეოკუპაცია და დევნილთა ღირსეული დაბრუნება.

საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რა ტემპით ვითარდება ქვეყანა, რა უნდა გაკეთდეს, კონგრესმენები საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღნიშნავენ”, – აცხადებს შოთა შალელაშვილი.

banner
წინა სტატიაში4 მილიონი პირს, რომელმაც რუსეთის ჯაშუშობა აღიარა – სკანდალურ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება
შემდეგი სტატიათუკი საქმე შეიცავს რაიმე საიდუმლო ნაწილს, უნდა მოხდეს ნდობის ჯგუფის ფორმატში მსჯელობა – აბესაძე დევრიშაძის კომპანიების ტენდერში გამარჯვებაზე