შოთა შალელაშვილ: დაუყონებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები კარტელური გარიგებების და მონოპოლიების წინააღმდეგ

ყოფილი პარლამენტარის შოთა შალელაშვილის განცხადებით, დაუყონებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები კარტელური გარიგებების და მონოპოლიების წინააღმდეგ, რათა შევძლოთ კონკურენციის პირობების და მოსახლეობის გაღარიბებისგან დაცვა.

“ტელეკომპანია “მთავარის” მიერ გუშინ გავრცელებულმა სიუჟეტმა ინფლაციის და ფასების მატების შესახებ, რომელიც ეყრდნობოდა სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებს და მოსახლეობის პირდაპირ გამოკითხვას, კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი ხედვების სისწორეში, რომ დაუყონებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები კარტელური გარიგებების და მონოპოლიების წინააღმდეგ, რათა შევძლოთ კონკურენციის პირობების და მოსახლეობის გაღარიბებისგან დაცვა.

მსურს დაგიანონსოთ, რომ საინტერესო შეხვედრები მქონდა კონკურენციის დაცვის და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის უცხოელ მკვლევარებთან, შესწავლილი მაქვს ევროპის და აშშ-ის პრაქტიკა, ქართული თეორიები და მისი ნაკლოვანებები. უახლოეს მომავალში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს და ჩემს ყოფილ კოლეგებს ოფიციალურად წარვუდგენ საკანონმდებლო პაკეტს.

ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური ვითარების და ამის პარალელურად მონოპოლიების სასათბურე პირობებში არსებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპს, ისე მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ვფიქრობ, სწორი შეფასება უნდა მიეცეს კარტელურ გარიგებებს და მონოპოლიებს საქართველოს ეკონომიკაში და დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა.

არავისთვის უცხო არ არის, რომ სწორედ მონოპოლიების და ჩრდილოვანი კარტელური გარიგებების საფუძველზე მდიდრდება უმცირესობა და უფრო და უფრო მწვავე პრობლემების წინაშე დგება ჩვენი მოქალაქეები. ყველაზე ნათელ მაგალითს კი წარმოადგენს პირველადი მოთხოვნილების საგნებზე, მედიკამენტებზე და საწვავზე არსებული ფასები. არცერთი ქართული ფარმაცევტული კომპანია არ ფლობს ბაზრის მონოპოლიურ წილს, თუნდაც 30%-25%-ზე მეტს, მაგრამ შეთანხმებულად აძვირებენ ფასებს მედიკამენტებზე.

ჩვენთან არსებული მონოპოლიური ფასნამატები ყოველგვარ ევროპულ სტანდარტს სცილდება, სწორედ ეს იწვევს ჩვენი საზოგადოების სამართლიან კრიტიკას და დაუყონებლივ მოქმედებებს მივიჩნევ საჭიროდ.

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ეკონომიკურ აქტორებს შორის კონკურენციის გარეშე წარმოუდგენელია, მაშინ, როცა ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედად არის მიჩნეული, საქართველო მიუხედავად იმისა, რომ თეორიების დონეზე მიისწრაფვის ამ დემოკრატიული სივრცისკენ, პრაქტიკა სხვა მონაცემებს გვკარნახობს. ქართულ რეალობაში არსებობს კანონი და სააგენტო, რომელიც ვერ პასუხობს ამოცანებს. მიმაჩნია, რომ ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონი და სსიპ “კონკურენციის სააგენტო’’ მოითხოვს ფუნდამენტალურ ცვლილებებს.

ვფიქრობ, სააგენტო უნდა გახდეს სრულიად დამოუკიდებელი და უმჯობესია მთავრობის ნაცვლად იგი ექვემდებარებოდეს საქართველოს პარლამენტს, ამასთან ერთად, სწორი იქნება მისი ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე განმწესებაც გახდეს პარლამენტართა ღია დისკუსიის საგანი. მიმაჩნია, რომ მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით უნდა მოხდეს მედიკამენტებზე და სხვა პირველადი მოთხოვნილების საგნებზე ფასნამატის ზედა ზღვრის ოდენობის განსაზღვრა და იგი 30 %-ეს არ უნდა აჭარბებდეს. პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ, რომ გონივრული ფასნამატი ჰქონდეს ნავთობპროდუქტებს, ვინაიდან საწვავზე გაზრდილი ფასი აძვირებს სხვა პროდუქტებსაც.

და ბოლოს, ვფიქრობ, უნდა გავიზიაროთ ევროპული და ამერიკული სივრცის პრაქტიკა და ნაცვლად რბილი და არაპროდუქტიული სანქციებისა, კარტელში მონაწილე სუბიექტების მიმართ უნდა დადგინდეს, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის სანქციები. უახლოეს მომავალში, ევროპულ-ამერიკული პრაქტიკის გათვალისწინებით შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებების ვრცელ პაკეტს წარვუდგენ საქართველოს პარლამენტს.

საქართველოში უნდა დასრულდეს მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე ერთეულების გამდიდრების ტრადიციული პრაქტიკა”, – აცხადებს შალელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიტრანსპორტის მართვისას მობილურით სარგებლობაზე სანქციები მკაცრდება
შემდეგი სტატიაშოთა გულბანი – ნებისმიერი კატეგორიის დამატებითი ფინანსური ვალდებულების აკიდება ბიზნესისთვის პრაქტიკულად დამატებით გადასახადთან იგივდება