შოთა რეხვიაშვილი : ბოლნისში, ბოლო 24 საათში, 100 საკვლევი მასალიდან ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 84 შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლნისში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება.

„დღევანდელი მდგომარეობით, COVID19-ის ინფექციის 84 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, ბოლნისში – 61, მარნეულში- 15, რუსთავში – 8. რუსთავსა და მარნეულში დადასტრებული ფაქტი არ გაზრდილა, მაგრამ გვაქვს გამოჯანმრთელების 17 ფაქტი.

რაც შეეხება ბოლნისს, იქ ძალიან დიდი ტემპით მიმდინარეობს ტესტირება, მასშტაბებიდან და იმ მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე რაც გვქონდა, მოლოდინთან შედარებით, გამოვლენები მინიმალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას გადავურჩით. ეს კლასტერებიც, სადაც ერთეული შემთხევები ჩნდება, დადგენილია და იმ ჯაჭვშია, რასაც მთლიანად ვაკონტროლებთ. გუშინ მედიაში გავრცელდა გარკვეული უზუსტობა, თითქოს, მცირეწლოვანი ბავშვი მარნეულის კლასტერიდან იყო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული შემთხვევა ბოლნისის ცნობილი კლასტერიდან იყო, მარნეულში კიდევ ერთხელ ვამბობ, მატება არ გვაქვს. ბოლნისში ბოლო 24 საათში 100 საკვლევი მასალიდან ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ეს იყო სოფელ სავანეთის ოჯახური კლასტერის ნათესავი“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა მოსახლეობისგან პროდუქციის შესყიდვის საკითხზეც.

„აქ ჭარბი მოსავალია და ჩვენი თანამოქალაქეებიც ძალიან მშრომელები არიან. ობიექტურად მინდა აგიხსნათ და საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ძალიან მსხვილი მარკეტებიც დაკეტილია, რესტორნული და ტურისტული ინფრასტრუქტურა არ მუშაობს, ბუნებრივია, ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება შემცირდა. ამის მიუხედავად, გუშინ, იმ სადისტრიბუციო კომპანიამ, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და მისგან მარაგდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გაიტანა 5 დიდი მოცულობის მანქანებით პროდუქცია. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო და მარნეულში მდგომარეობა მნიშვნელოვნად განტვირთა. დღესაც მანქანები მოსულია და იტვირთება, იგივე რეჟიმით ვიმოქმედებთ დღესაც და ხვალაც“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, რაიმე სახით მხოლოდ ერთი კომპანიიისთვის მონოპოლიის მინიჭება არ ხდება.

„ისეთი ფორსმაჟორია, არანაირ მონოპოლიებზე არ ვსაუბრობ, ეს კომპანია პრაქტიკულად ზარალზე მუშაობს, არათუ, მოგებაზე და მადლობა მინდა გადავუხადო სრულად მის ხელმძღვანელობას, შპს „ჯიბეს“ მენეჯმენტს. სხვა დაინტერესებული პირებიც მოდიან, მხოლოდ „ჯიბე“ არ არის, დისტრიბუცია შედის და შეიძლება, უფრო დაბალ ფასებშიც ყიდულობენ, ვიდრე, „ჯიბე“ ყიდულობს და მას რეალიზაციის პრობლემაც ექმნება, მაგრამ ამის მიხედავად, თანამშრომლობს“, – განაცხადა რწმუნებულმა.

მისვე თქმით, ზომები მიღებულია და დღეს მაქსიმალურად, პირბადეებით, დისტანციის დაცვით წარომართება პროცესი.

„ფორსმაჟორია და ყველაფერს იდეალურად ვერ ვაკეთებთ, ჩვენი მცდელობა და რესურსი ერთია, ხალხის შეგნება ცოტა სხვა და ემოციური ფონიც დიდია. დღეს გაცილებით მოწესრიგებულები ვიქნებით, ვიდრე გუშინ“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ბაზარში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მერი გაეცნენ
შემდეგი სტატიასაქართველოში თურქეთის ელჩი – თურქეთში უფრო მკაცრი კარანტინია, ვიდრე საქართველოში, ეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში გვეხმარება