შოთა ბურჯანაძე – უმჯობესია, ლოკდაუნი გამოცხადდეს

region
ავტ.: region ნოემბერი 25, 2020 19:36

შოთა ბურჯანაძე – უმჯობესია, ლოკდაუნი გამოცხადდეს

უმჯობესია, ლოკდაუნი გამოცხადდეს, ვიდრე ისეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომელიც სარესტორნო სფეროს თვითლიკვიდაციას მოიტანს, – ამის შესახებ პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ​რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

„ჩვენი შეთავაზება იყო, რომ სარესტორნო სფეროს ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენს დღესდღეობით ლოკდაუნს და ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია, რომ ლოკდაუნი გამოცხადდეს, ვიდრე ისეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც უბრალოდ თვითლიკვიდაციას მოიტანს.

არსებული მდგომარეობის შენარჩუნება რა თქმა უნდა მისაღებია, იქედან გამომდინარე, ვინც ვცოცხლობთ და ვისაც შესაძლებლობა აქვს ოპერირების, გავაგრძელოთ. დანარჩენ შემთხვევაში, თუნდაც ნახევარი საათითაც რომ გააგრძელონ, ეს უკვე ლოკდაუნია.

პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ დღეს სამწუხაროდ ეპიდემიოლოგები უფრო მეტს წყვეტენ, ვიდრე კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი შეუძლიათ ქვეყნისთვის გააკეთონ და დღესდღეობით თუ რამე დაზიანდება, უარყოფით ასპექტში მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის, ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეპიდემიოლოგებმა უნდა აიღონ, რომლებიც აზრზე არ არიან, ამ შემთხვევაში, რა ხდება ქვეყანაში.

ყველაზე მარტივი არის დღეს, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და გამოაცხადოს სრული ლოკდაუნი, რომ ყველაფერი ჩერდება. მარტივია, შეჩერდება ეს კოვიდის განვითარებაც, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეძებოთ პრობლემა, უნდა ვაღიაროთ პრობლემა და შემდეგ ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ და არა მთლიანად მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს.

ჩვენ სარესტორნო ბიზნესში იმხელა შეზღუდვები გავაკეთეთ, იმხელა ხარჯი გასწია სარესტორნო ბიზნესმა, რომ ადამიანი, რომელიც შესულია რესტორანში, ის უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს.

არის ორი ვითარება – დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის და შესაძლებლობა მივცეთ ამ ვითარებაში გადარჩეს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ხელი შევუწყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაყინვას და მეორე ვითარება არის, რომ გარკვეულწილად განვიხილოთ სხვადასხვა სფეროებში ახალი წერტილოვანი რეგულაციები, რომელიც ლოკდაუნი არ არის.

კონკრეტულად, შაბათ-კვირას იქნება ჩაკეტვა, სამი საათის შემდეგ იქნება თუ ა.შ, დღეს ასეთი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

region
ავტ.: region ნოემბერი 25, 2020 19:36