რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე გადაცემა „საქმეში“ მთავრობის მიერ გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს (ახალი სსიპ-ის) შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ახალმა უწყებამ აქცენტი ქართული კერძების ავთენტურობის დაცვასა და მათთვის სპეციალური ნიშნის მინიჭებაზე უნდა გააკეთოს.
ბურჯანაძემ პარალელი ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაავლო და აღნიშნა, რომ როგორც ადგილწარმოშობის ღვინოების შემთხვევაში, კერძებსაც მკაფიო სტანდარტები სჭირდება, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს მენიუში შეტანილი ტრადიციული პროდუქტის შემადგენლობა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე, პოპულარულ ვარიაციებს (მაგალითად, ქალაქურ ხინკალს) სახელმწიფო არ უნდა შეებრძოლოს, რადგან მათზე ბაზარზე მოთხოვნა არსებობს.
„თუ სწორად გააკეთებ საქმეს (ამაზე პარალელს ღვინის სააგენტოსთან ვავლებ, რადგან მან ღვინის პოპულარიზაციაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ხარისხიც გაზარდა), იგივე შედეგი უნდა მივიღოთ, ან კიდევ უკეთესი, რაც ღვინის შემთხვევაში გვაქვს“, — განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ორი ახალი უწყება იქმნება: გასტრონომიის ეროვნული სააგენტო და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო.















