შორენას გადაყოლებული სახელმწიფო და ეკლესია, ჩემთვის წართმეული საჩუქარი დეკანოზ მამალაძის საქმის პრიზმაში

რასაც ბოლო დროს ვაკვირდები, ცალკეული პირები – მეტწილად მართულნი, ცდილობენ მოახდინონ შორენა თეთრუაშვილის როლის ნიველირება საქართველოს საპატრიარქოში და მისი ნეტარად წარმოჩენა. თავად ნანა კაკაბაძემ მითხრა ორიოდე დღის წინ – რას ერჩით შორენას, რომელიც ხმას არ იღებს და მდუმარებით პასუხობს მის წინააღმდეგ გამოთქმულ ყველა პრეტენზიას და ბრალდებასო. ეს “ნიველირება” რეალურად ისრების სხვაგან გადატანის მცდელობაა. ანუ შორენასგან ყურადღების სხვა მიმართულებით წარმართვის. დიახ, ეს ქალბატონი, რომელსაც საეკლესიო წრეებში და არა მხოლოდ, შორენა I-ს უწოდებენ და თავადაც ხუმრობენ საპატრიარქოს კულუარებში – “ეს პირველია, ის მეორეო”- რეალურად მართავს საქართველოს საპატრიარქოს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ქონების მართვაზე, ან ბიზნესინტერესებზე, არამედ საუბარია იდეოლოგიურ და ადმინისტრაციულ მმართველობაზე. რამდენიც არ უნდა უარყონ ცალკეულმა მღვდელმთავრებმა, მათ შორენას ჩრდილის ეშინიათ, არა თუ რაიმე საკითხზე სიმართლის თქმის. არც არავისთვის არის დასამალი და უფრო სწორად ყველასთავის გასაგებია, რომ ე.წ. “ციანიდის საქმის” ერთ-ერთი შემოქმედიც ეს ქალბატონია. მხოლოდ მას ხელეწიფება მისი უქმინდესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლა. აქ ერთი უწყინარი ფაქტი მახსენდება: 2011 წელს 23 დეკემბერს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს “ოქროს პერგამენტი” გადავეცი. რამდენი წვალება, ხვეწნა-მუდარა დამჭირდა იმისთვის ვერ პატრიარქს შევხვედროდი ვერ წარმოიდგენთ. გამიხარდა რომ კარადაში 2008 წლის პერგამენტი ვნახე, რადგან მაშინ საპატრიარქოს კარებთან დამატოვებინეს და ზღურბლზე ფეხი ვერ გადავაბიჯე. (ეს იმისთის, რომ თურმე მის უწმინდესობასთან თავისუფლად შეიძლება მოხვედრა).. პატრიარქი მომეფერა, კონკრეტულად გამომკითხა რატომ გახდა პრეგამენტის “ღირსი” – დიახ, ეს სიტყვა წარმოსთქვა (ამ ყველაფერს ორი კამერა იღებდა – თან მახლდა ორი ოპერატორი).
„ღმერთმა დაგლოცოთ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ის, რომ მე უნდა ვემსახურო ჩვენს ერს. ესაა ჩემი მიზანი, მეტი არაფერი”, – განაცხადა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ოქროს პერგამენტის გადაცემისას და დასძინა, „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ ქართველები, უნდა გვახსოვდეს საქართველო და უნდა ვზრუნავდეთ საქართველოსთვის. მე, მახსენდება ჩვენი ილიას, წმინდა ილიას სიტყვები “მამული, ენა, სარწმუნოება”. მე ცოტა დავუმატე მას და ვთქვი – “ღმერთი, სამშობლო და ადამიანი”. ყველაზე ძვირფასი ღვთის წინაშე არის სამშობლო და ადამიანი. ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ”. საუბრის დასასრულს მადლობა გადამიხადა, იქვე მდგომ საეკლესიო პირს უთხრა: – ოქროს სამაჯური გადაეცით. მერე ისევ მე მომიბრუნდა: – ჩემგან საჩუქრად მიიღეთ და მადლიერების ნიშნად. დამცლოცა და პატრიარქი დარბაზიდან გაიყვნეს. ის საეკლესიო პირი კარადისკენ გამერთა პატრიარქის საჩუქრის გადმოსაცემად. ამ დროს შემოდის შორენა და ეკითხება, თუ რას აკეთებს. ეს ღვთისნიერი ადამიანი პასუხობს, რომ პატრიარქმა ბრძანა ოქროს სამაჯური გადაეცითო. და იო, საოცრებავ, ქალი კაბა-კოსტუმიდან ამოხტა, ლამის ბრდღვნად წაიღო ეს სასულიერო პირი, უკან დააბრუნებინა ის სამაჯური. შევეცადე ვითარების განმუხტვას. დავამშვიდე ეს გაკიცხული ადამიანი, რომელიც თვალს ვერ მისწორება. თუმცა პატრიარქის მადლიერი დავრჩი. დაბნეულ ოპერატორებს კამერაც კი არ გამოურთავთ და ეს ყველაფერი ჩაიწერა. არასოდეს მიცდია ამის გასაჯაროვება. რადგან არ მსურდა მისი უწმინდესობისთვის მიმეყენებინა ჩრდილი. ახლა კი იმიტომ მოვყევი, რომ შორენას ქმედებები უკვე ყველა ზღვარს გასცდა და უდიდეს მავნებლობად, პატრიარქის და ეკლესიის დამაზიანებელ უკიდურეს ფაქტორად იქცა. ეს ხომ ძალიან წვრილმანი დეტალია, თუ როგორ შეუძლია შორენას შეცვალოს თვით პატრიარქის ნება და მღვდელმთავრებზე საერთოდ საუბარიც არ არის.
რამოდენიმე წლის წინ, როდესაც მისმა უწმინდესობამ კატეგორიულად მოითხოვა შორენას დაეტოვებინა საპატრიარქო რეზიდენცია, სამი მღვდელმთავარი ეახლა მის უწმინდესობას და დაუჩოქეს, რომ შეეცვალა გადაწყვეტილება. მე თუ მკითხავთ, დღევადელი გადასახედიდან, იმ სამ მღვდელმთავარზე დიდი მტერი მის უწმინდესობას არ ჰყოლია და ვერ ეყოლება. ერთ-ერთ პუბლიკაციაში ვრცლად დავწერე ამ ფაქტის შესახებ. ვერც უარყოფენ ამას, რადგან ამ თემაზე სინოდზეც კი იყო საუბარი. სხვათა შორის, ერთ-ერთი იმ მღვდელმთავრებიდან ის პერსონაა, რომელმაც გერმანიაში, საავადმყოფოში, ოპერაციამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრა მის უწმინდესობას, რომ დეკანოზი მის მოსაკლავად მოდიოდა. წარმოგიდგენიათ ისედაც დაუძლურებული პატრიარქის სულიერი მდგომარეობა ამ დროს? ანუ მორალურად მოკლეს ადამიანი, რომელიც ოპერაციის შემდეგ გადარჩებოდა თუ არა, არავინ იცოდა. თან ამ დროს, იმ მღვდელმთავარს არანაირი ლოგიკით, საქმის დეტალები არ უნდა სცოდნოდა. ამიტომ მჯერა, რომ თავად მისმა უწმინდესობამაც იცის – დეკანოზი შორენას მოკვლას არ აპირებდა და ბრალიც და განაჩენიც სრული აბსურდია. მან ისიც კარგად იცის, რომ დეკნოზი არც მის მოკვლას აპირებდა.
ახლა, იმის შესახებ თუ ვის აწყობს “იმ წერილის” (წერილების) გასაჯაროვება. რა თქმა უნდა შორენას და მის დაჯგუფებას, რადგან, ეს არა მხოლოდ საპატრიარქოს დისკრედიტაციას გამოიწვევს, არამედ შესაძლოა მღელვარების საგანიც გახდეს. ქაოსს კი შორენა ადვილად მართავს. მერე ვის ეცლება უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ ან ეკლესიის პრობლემების მოსაგვარებლად. შედეგად, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იტყვის – როგორ იკადრა დეკანოზმა “ამის თქმა” და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას, წერილში მოყვანილი ფაქტები მართალი იქნება თუ არა. რასაც ვაკვირდები შორენას და მის დაჯგუფებას უნდა წერილის ზნეობრივ-მორალური ასპექტები გასაჯაროვდეს რაც საეკლესიო ქონების თემას გადაფარავს და ეს არ გახლავთ წვრილმანი საკითხი. ამისი მცდელობა იყო გასული წლის მარტშიც და მათ ძალიან სურდათ ეს გაეკეთებინა რუსთავი 2-ს და კონკრეტულად ნიკა გვარამიას. დღევადელი იდიოტური ნარატივის გათვალისწინებით, რომ პროცესების უკან ნაციონალური მოძრაობა და თვით სააკაშვილი დგას, ეს სრულიად მისაღები ფორმულა იყო მათთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ წერილის შინაარსის მიუხედავად, ამ ზნეობრივ მორალური ასპექტების შესახებ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იცის და ისინი საპატრიარქოზე უფრო დიდ პასუხისმგებლობას იჩენენ, როდესაც ამ თემებზე არ საუბრობენ.
მოკლედ ამ წერილის, წერილების გასაჯაროვება არ შეიძლება. უფრო მეტიც, სწორედ ეკლესიამ – წმინდა სინოდმა, მისმა უწმინდესობამ უნდა დააყენოს დეკანოზის შეწყალების საკითხი და ეს თემა საკუთარ წიაღში წაიღოს განსახილველად. აქ არგუმენტას მისი უწმინდესობის მიერ 2011 წელს ჩემთვის ნათქვამ სიტყვებს მოვიშველიებ ისევ: “ღმერთი, სამშობლო და ადამიანი”. ყველაზე ძვირფასი ღვთის წინაშე არის სამშობლო და ადამიანი. ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ”. შესაბამისად, როდესაც ამ საქმით ზიანდება სამშობლო, რაც საკუთარ თავში მოიცავს – ქვეყანას, სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც და ზიანდება ადამიანიც საჭიროა ეს საქმე ღირსეულად დასრულდეს.
ერთადერთი, დღეს ვისაც არ აწყობს დეკანოზის გათავისუფლება ეს შორენა თეთრუაშვილი და მისი დაჯგუფებააა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს საპატრიარქოზე და ადვილად ახერხებენ პატრიარქზე არა მხოლოდ მორალურ და ვერბალურ ზეგავლენას, არამედ მისი გადაწყვეტილებებს შეცვლას. დაადასტურა კიდეც ეს ნიკა გვარამიამ, როდესაც ბრძანა, პატრიარქი დეკანოზის შესაწყალებლად მზად იყოო.
ბარემ ხელისუფლებასაზეც ვიტყვი. პროკურორ “ჯარჯის” ბრალდებებზე და მტკიცებულებებზე და შემდგომ მოსამართლეების მიერ გაზიარებულ ამ სიბრიყვეზე ყველაზე მეტი ინფორმაცია ხომ თქვენ გაქვთ. ისიც ხომ გასაგებია, რომ ევროპული სასამართლო ამ საქმეში უმარავ თეთრ ძაფს იპოვნის. ან სახელმწიფოს რატომ აგდებთ უხერხულ მდგომარეობაში ან საკუთარ თავს? ბოლოს ხომ არავის ემახსოვრება “ჯარჯი” და ყველაფერი სწორედ ხელისუფლებას დაბრალდება, როგორც საქმის პირველ სპიკერს – კვირიკაშვილი, წულუკიანი, შოთაძის ბრიფინგებს გახსენებთ. ღირს ეს ყველაფერი შორენას და მისი გუნდის, ეკლესიის და პატრიარქის მადისკრედიტირებელი პერსონების ამბიციების დაკმაყოფილებად? პარალელურად, იქნებ პრეზიდენტსაც აუხსნას ვინმემ, რომ ზოგჯერ თქმა სჯობს, მაგრამ “ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” და ზედმეტ უხერხულობებს ნუ შეუამნის ქვეყანას და სახელმწიფოს (იმედია ის მაინც იცის რა განსხვავებაა ქვეყანასა და სახელმწიფოს შორის).

და ბოლოს, იმ სამაჯურის არ იყოს, ვინ შეცვალა პატრიარქის გადაწყვეტილება, რომელიც მან ნიკა გვარამიასთან გაახმოვანა?
ისე, რამეს ცუდს გავაკეთებ თუ შორენასგან მოვითხოვ იმ ნივთის ჩემთვის გადმოცემას, რომელიც მისმა უწმინდესობამ მაჩუქა და მან ამახია? თუმცა, რომ დამიბრუნოს უნდა აღიაროს – ცუდად მოიქცა, არ დამიბრუნებს და იმას დაადასტურებს, რომ შორენა I-ია და ჩემს თვალში სხვა ყველაფერთან დღის ქურდი იქნება და განა მხოლოდ ჩემს თვალში. მეკუთვნის და მერგება. ისევე როგორც დეკანოზ მამალაძეს ამ კონკრეტულ საქმეზე ეკუთვნის შეწყალება და ერგება კიდეც. ბოდიშიც რომ ეკუთვნის ეს კიდევ ცალკე საკითხია.

გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : თუ არაფერი შევცვალეთ ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება ქალაქში
შემდეგი სტატია“ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება…”- ჭიჭინაძე