რუსეთსა და სომხეთს შორის პოლიტიკური დაპირისპირება სავაჭრო ომში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ ერევანი „არამეგობრულ ნაბიჯებში“ დაადანაშაულა, მოსკოვმა სომხეთიდან ყვავილების, ხილისა და სხვა პროდუქტების იმპორტი 22 მაისიდან ოფიციალურად აკრძალა.
შოიგუმ საჯაროდ აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებამ მოსკოვთან მოკავშირეობის სულისკვეთებას უღალატა და კიევის რეჟიმს დაუჭირა მხარი.
„საიდუმლო არ არის, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ ბოლო დროს გადადგა არაერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მის მოკავშირე ურთიერთობებს არ შეესაბამება. კიევის რეჟიმისთვის ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ტრიბუნის დათმობა რუსეთის მისამართით მუქარისთვის იყო განკუთვნილი. დაფიქრდით, ნეონაცისტური კიევის რეჟიმის მეთაური ერევნიდან იმუქრებოდა გამარჯვების პარადზე დარტყმებით“, — განაცხადა შოიგუმ.
ამ პოლიტიკური დემარშის პარალელურად, რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა სომხურ ხილსა და ბოსტნეულში „ბაქტერიები აღმოაჩინეს“, ხოლო ერევნიდან შესულ კონიაკს, კარაქსა და ყველს ხარისხის წუნი დასდეს.


















