პატრიარქმა შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგება აღავლინა.
მან ქადაგებისას სინანულის, ლოცვისა და სიმართლის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე განსაცდელების ფონზე საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე.
„დღეს ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდამო. ამიტომ ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, შეგვაძლებინოს უფალმა და მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში, მოგვცეს სიმამაცე, რომ ყოველთვის ვთქვათ და დავიცვათ სიმართლე“, — განაცხადა პატრიარქმა.
პატრიარქმის თქმით, იოანე ნათლისმცემელი სინანულის დიდი მოძღვარია, ხოლო სინანული არ არის ერთჯერადი ქმედება და ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ახლდეს.
ქადაგებისას შიო მესამემ ხაზი გაუსვა ლოცვის მნიშვნელობას, როგორც ღმერთთან დამაკავშირებელ მთავარ ძალასა და საღვთო საიდუმლოებათა გასაღებს.
პატრიარქმა აღნიშნა. რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი ეწამა ჭეშმარიტებისთვის და მოუწოდა მრევლს, თუ სიცოცხლის გაწირვა ვერ ხერხდება, მინიმუმ იცხოვრონ სიმართლისა და ერთგულებისთვის.








