სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ქადაგება აღავლინა.
პატრიარქმა მრევლსა და სასულიერო პირებს წმინდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღე მიულოცა და ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მაცხოვარი მას თავის საყვარელ მოწაფეს უწოდებდა. უწმინდესის თქმით, იოანე ღვთისმეტყველი ყველაზე უკეთ ისმენდა უფლის სწავლებას, გამოირჩეოდა მტკიცე რწმენითა და სიმამაცით, რისი დასტურიც ჯვარცმისას მაცხოვრის გვერდით ბოლომდე დარჩენა იყო.
„არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალ იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი… ამ დიდი სიყვარულის გამო, ამ დიდი მადლის გამო წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საკვირველი წმინდანი, პიროვნება და ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში“, — აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.
კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თავის ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა კიდევ ორ მნიშვნელოვან თარიღზე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ დღეს ასევე აღინიშნება ათონის მთიდან ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის („პორტაიტისას“ ასლი) საქართველოში ჩამობრძანების დღე, რომელიც სიონის ტაძარშია დაბრძანებული.
გარდა ამისა, უწმინდესმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ იუბილესთან დაკავშირებით დამსწრე სასულიერო პირებს სპეციალურად დამზადებული სამღვდელო სასაჩუქრე ჯვრები, ხოლო მრევლს ივერიის ღვთისმშობლის ხატები დაურიგდათ.















