შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, ძლიერი საერთაშორისო ფიგურა, მთელი საქართველო შოკირებულია – ზურაბიშვილი

შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, ძლიერი საერთაშორისო ფიგურა, მთელი საქართველო შოკირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას.

„საშინელი ტრაგედია. მთელი საქართველო შოკირებულია. შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი უდიდესი სამძიმარი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებული ქალაქ ნარას მცხოვრები ტეძუია იამაგამია. ადგილობრივი პრესა წერს, რომ ის იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია.

შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ის იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.

banner
წინა სტატიაშიძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, საფუძველს მოკლებულია საუბარი იმაზე, რომ სადმე სხვაგან სანქციის სახით ბიძინა ივანიშვილის უფლებების შებოჭვა მოხდება – ყიფიანი
შემდეგი სტატიაკარლ ნეჰამერი – მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი იმის ცალსახა გარანტია, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს