შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1997 წელს
დაბადებული დ.ს. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე
ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა
ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე.
პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე
დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე – ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო
დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ლ.ჩ. და დ.ს. 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი
ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.















