შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში კიდევ ერთხელ გასულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

აღნიშნული ტელეკომპანია, არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კვლავ აგრძელებს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ამ გზით საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნდობის შესუსტებას.
ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ.

დღევანდელ სიუჟეტში მათ კვლავ გაიმეორეს კადრები, სადაც აპელირებენ თეთრი ფერის, “შკოდას” მარკის ავტომობილის გადაადგილებაზე, თუმცა ვერც წინა შემთხვევებში და ვერც დღეს ტელეკომპანიამ მაყურებელს პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში მათ მიერ დასახელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გადაცემაში ნახსენებ კონკრეტულ დროს არ იმყოფებოდა მათ მიერ დასახელებულ ადგილას და არ გადაადგილდებოდა კადრებში ნაჩვენები სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს”,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიამუქარა ნოდარ მელაძეს – პოსტს ბერას მეგობარი აქვეყნებს