შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადება

მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2014
წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის
მართვის მოწმობებს. შესაბამისად, იმ პირს, ვისაც ამ დროის განმავლობაში
აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობა არ გაუახლებია, დღეიდან შესაბამისი
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ აქვს.

მოქალაქეებს, რომლებმაც 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, CE, D და DE
კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხეს, 2019
წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების სააგენტოს
ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის
შემდეგ, ჩვეულებრივ შეეძლებათ.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ
ფილიალში უნდა წარადგინოს:

• ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

• არსებული მართვის მოწმობა.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, ხოლო
დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში – 35 ლარი.

დღეიდან მომსახურების სააგენტო წყვეტს მუშაობის სპეციალურ რეჟიმს და
სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის შეცვლა
სტანდარტულ სამუშაო საათებში განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ
ხაზზე – 032 2 41 91 91, ონლაინ ჩატში ან სააგენტოს “ფეისბუქ”-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, 2014 წლის
1-ლი მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: „A“,
„B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის
მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“,
„D1“ და „D1E“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობების ვადა
განისაზღვრა 5 წლით.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი პოლიტიკოსები ტრამპის და კიმის შეხვედრით იმედგაცრუებულები არიან
შემდეგი სტატიავანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება