შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების
და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის
ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.

პოლიციამ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. თბილისში, გ.
ერისთავის ქუჩაზე დააკავა. იგი 2017 წლის 24 ივნისს თბილისში,
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში
ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული
16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთს თვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით, დაკავებულია
1997 წელს დაბადებული გ.ბ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ.-მ 2017 წლის 24 ივნისს თბილისში,
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე,
ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი
იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე
გარდაიცვალა.

ვ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალი
დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი გ. ერისთავის ქუჩაზე, თავისი ახლობლის –
გ.ბ.-ს მიერ ნაქირავებ ბინაში დააკავეს.

გამოძიება ვ.კ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების
ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და
236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

პოლიციამ, ვ.კ.-ს ახლობლის – გ.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის
ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 მჭიდი ამოიღო.

სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული გ.ბ. განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს
სსკ-ს 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“საკუთარი სამშობლოს ღალატი”…”პუტინის მიერ უშუალოდ წარმოებული პოლიტიკა” – ოპოზიცია ახალ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატია„რუსულ ოკუპაციას არაბულ-ირანულ ექსპანსიას დაემატა ჩინური დიქტატურა“ – ნათელაშვილი რ2-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე