შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მამის მიერ შვილების შინაპატიმრობაში გამოკეტვის ფაქტზე, იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო

სვანეთში მამის მიერ შვილების შინაპატიმრობაში გამოკეტვის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს, არიან თუ არა არასრულწლოვნები შინაპატიმრობაში. მეზვრიშვილი ასევე საკითხის კომპლექსურობასა და სენსიტიურობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

“სვანეთში მიმდინარე მოვლენები საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხია. ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ – დავიწყეთ გამოძიება იძულების მუხლით, მაგრამ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის სწორი გამოსავალი, ვინაიდან საკითხი კომპლექსურია, სენსიტიურია, არასრულწლოვნები არიან ჩართულები ამ პროცესებში და მიგვაჩნია, რომ სოციალური სამსახურების როლი ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ახალი დეპარტამენტის ფარგლებში, მზად ვართ ყველა მხარეს მოვუსმინოთ, ვინც დაინტერესებულია ამ საქმით და ერთად მივიღოთ კანონიერი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს მეტროსადგურში „თავისუფლების მოედანი“ მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატიამამის ტყვეობაში მყოფი 8 ბავშვი – საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო