შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარ სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983
წელს დაბადებული ზ.მ. და 1978 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ
გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე,
მეგობართან – ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით
არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის – 1984 წელს დაბადებული
ი.მ.-ის და მისი მეგობრის – 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით
იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის
კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ორივე პირი
მომხდარიდან მალევე- რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა.

სამართალდამცველებმა ზ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან
ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღები.

დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ
მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე
მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 638-ის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა