შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული დააკავა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. განცხადება შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი საქართველოს მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ზაზა ბაქრაძე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.
2004 წელს ზაზა ბაქრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა – იგი თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო.
ზაზა ბაქრაძეს, ჩადენილი დანაშაულის გამო, 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც, მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.
დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.” ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს,“ – შსს ორბელიანის მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
შემდეგი სტატიაპროკურატურაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო