შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ვ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ ა.თ-ს
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში
გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულის ჩადენის
იარაღი – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოღებულია
ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს
117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიალილოში ე.წ. ტრაილერების მძღოლების აქცია გრძელდება