შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი
გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვარს ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის
ქუჩაზე მოხდა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული,
წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ნ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით,
თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან
უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს
თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში,
ნაცნობს – 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს – 1968 წელს
დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე
მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე და
236-ე მუხლით.
საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, შინაგან
საქმეთა სამინისტრო ყველა გამოვლენილ დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას
ახდენს. უწყებამ, ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის და
ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, მათ შორისაა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში
მომხდარი მკვლელობისა და თბილისში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე
ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. უწყება დანაშაულის
წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/miaofgeo/videos/1337615529673776/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის ერთიანი ტექსტით მიღება სახელმწიფოს ინტერესებშია
შემდეგი სტატიავინ ეძებს ოთარ დანელიას კომპრომატებს-გოჩა მირცხულავას სკანდალური პოსტი