შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ძებნილი პირი თბილისში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ამერიკის საელჩოსთან
ურთიერთთანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აშშ-ის ტეხასის შტატის მიერ 2018
წლიდან ძებნილი, აშშ-ის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ჯ.ს., თბილისში,
გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ჯ.ს.-ს ბრალი 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი
დანაშაულისთვის, ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით
ედება.

კერძოდ: 21.01 მუხლით, რაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ
სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ან
სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს;

21.021 (ა) (1) (ბ) მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის
წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 99 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;

21.11 (ა) (1) მუხლით, რაც არასრულწლოვანთან უხამსი სახის კონტაქტს
გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში ექსტრემისტების დაკავება დაიწყეს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირისა და შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს აფრთხილებს