შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2019 12:07

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური
პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული,
მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად
რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში
დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე
იმყოფებოდა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია
სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელება.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი
ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4
დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხით
დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო
პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად,
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე,
გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის
დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება.

მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა არ არის
მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური
კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე,
მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.

ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი,
შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში,
ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესაბამის დაწესებულებებში (მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ
ბავშვთა სახლში).

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2019 12:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,749
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics