შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს
მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის
შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული სერვისების მიწოდებას
დროებით აუქმებს.

ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით, მომსახურების
სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

– მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი,
გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული
დღის განმავლობაში, იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

– იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე
გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის
განმავლობაში.

დღეიდან, ასევე, უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან
დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის
შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით,
მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული
დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში, ხოლო
სხვა ცნობების მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების
სააგენტოს ფილიალებში.

დღეიდან, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ, მიმართოთ სატრანსპორტო
საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის
პროცედურების განსახორციელებლად.

ასევე, მოქალაქეებს დროებით ვერ მოემსახურება ახალქალაქისა და ამბროლაურის
სერვისცენტრები.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ
მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის
შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან.

აქვე გაცნობებთ, რომ დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო,
მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 24, 26 და 28 მარტს
წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურში მყოფი ექვსი პირის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს შეჩერდეს იმ ნორმატიული აქტების მოქმედება, რომლებიც განსაზღვრავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას