შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირის და საფრანგეთის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – კახაბერ საბანაძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – ვაჟა სირაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირის ელჩს – კარლ ჰარცელს, საფრანგეთის ელჩს – დიეგო კოლასს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების – ICMPD-ისა და IOM-ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

ვიზიტის მიზანი იყო “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების ეფექტიანად განხორციელების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების ევროპული მხარისთვის დეტალურად გაცნობა.

კახაბერ საბანაძემ სტუმრებს ადგილზე გააცნო პროცედურა, რომელსაც 2021 წლის 1 იანვრიდან გაივლიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში მიემგზავრებიან ევროკავშირის წევრ ან შენგენის ზონის ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონის ახალი რედაქციის თანახმად, შენგენის რეგულაციით, უვიზოდ მოგზაურობისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია და პირობები დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტშიც შემოწმდება, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლები, რომლებმაც სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის ავიაკომპანიების ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, ევროკავშირის ელჩმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დააფიქსირა აღნიშნული პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარაში 115, იმერეთში კი, 203
შემდეგი სტატიაესტონეთის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას – დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უბადლო ხელძღვანელობით კიდევ უფრო განვავითარებთ საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებს