პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება იყო ჯგუფური და ორგანიზებული თავდასხმა, პროკურატურა კი ვალდებული იყო გამოძიება მყისიერად, ყოველგვარი განცხადებების გარეშე დაეწყო.
შარაშიძემ უარყო მმართველი გუნდის არგუმენტები დეპუტატის იმუნიტეტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იმუნიტეტი კრიმინალის გამართლება არ არის. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პროცესზე პასუხისმგებლობა პირადად აიღო, როცა თქვა, რომ გამოძიება ვერ დაიწყებოდა.
ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელზეც ოპოზიციონერმა ლიდერმა ისაუბრა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან საერთო ნაცნობების მეშვეობით ბოდიშის მოხდის მცდელობებია:
„პირადად არა, მაგრამ თბილისია, არსებობს გარკვეული ურთიერთობები… რა თქმა უნდა, შიგადაშიგ არის ასეთი შემოთვლა, რომ „იცით, მე არ მინდოდა, მაგრამ რა მექნა? სხვა გზა არ მქონდა“ და ა.შ. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ორგანიზებული იყო, დავალება იყო გაცემული. ნორმალურს ვის ენდომებოდა ეს, უბრალოდ, ასეთი სისტემაა.“
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და გახარიას პარტიის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა, რაზეც მამუკა მდინარაძემ ირონიულად უპასუხა: „დედის გინება თუ მათი სამსახურია, თქვან“.














