კორუფცია თუ ეჭვიანობა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს შეეკრა? – რას შეეწირა სუს-ის ექს შეფი?
“შაბათის ეთერს” სუს-ის ექს შეფის გარემოცვა უყვება, რომ პოსტის დატოვების შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილი შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ეს უკვე ვეღარ იქნებოდა მივლინება. შესაბამისად ჩნდება კითხვა, ვის შეხვდა და რა მიზნით თანამდებობას ჩამოშორებული ყოფილი ძალოვანი?
- “ქართული ოცნების” შიდა წრეებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ივანიშვილმა ლილუაშვილის დაკავებას მწვანე შუქი მას შემდეგ აუნთო, რაც ის კობახიძე-მდინარაძის ფლანგმა დაარწმუნა, რომ ძირს სწორედ ლილუაშვილი უთხრიდა.
- არსებობს კიდევ ერთი ვერსია – “ოცნებაში” ეჭვი აქვთ, რომ სწორედ ლილუაშვილი იყო BBC-ის გამომძიებელი ჟურნალისტების წყარო, როდესაც ქართველი მომიტინგეების ქიმიური ნივთიერებით მოწამვლაზე ფილმი მომზადდა.
ფაქტია, რომ 17 ოქტომბრის, ანუ მას შემდეგ, რაც სუსი ლილუაშვილთან ჩხრეკაზე შევიდა, უკვე 2 თვეზე მეტია გასული. ლილუაშვილი ამ ხნის განმავლობაში დაკითხვაზეც არ ჰყოლიათ დაბარებული. მის წინააღმდეგ ჩვენება, საქმეში მხოლოდ დაკავების წინ გაჩნდა. ეს კი დროში ემთხვევა BBC-ის გამოძიების გამოქვეყნებას.
ფილმი ქართველი ხალხის მოწამვლის საქმეზე, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1 დეკემბერს გაასაჯაროვა. მანამდე კი “ქართულ ოცნებას” შეატყობინა, რომ კონკრეტულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა ჰქონდათ. მოვლენების ეს თანხვედრა არ გამორიცხავს ვერსიას, რომ ქიმიური ნივთიერებით ხალხის მოწამვლის სკანდალში გახვეულმა “ქართულმა ოცნებამ”, ინფორმაციის გამტანის ძებნისას, ეჭვი სწორედ ლილუაშვილზე მიიტანა.
“შაბათის ეთერმა” საქმის პროკურორს ჰკითხა, იკვლევს თუ არა გამოძიება, ლილუაშვილისა და საერთაშორისო მედიის, ამ შემთხვევაში ბიბისის კავშირს.
სუს-ის ექს-შეფის საქმის პროკურორი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დუმილს ამჯობინებს.
გრიფის დადების მიუხედავად, “შაბათის ეთერისთვის” ცნობილი გახდა და ეს ვერც პროკურატურამ უარყო, რომ ოქროს მოწმე ლილუაშვილის წინააღმდეგ, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე გახდა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, მისი ჩვენება საქმეში ლილუაშვილის დაკავების წინ გაჩნდა, სადაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სუს-ის ექს-შეფს ქრთამის აღებაში პირდაპირ ხელს ადებს. სანაცვლოდ კი პროკურატურისგან ახლა სავარაუდოდ თავად ელოდება სასჯელის შემსუბუქებას.
















