“შიდა მდგომარეობა დღითი-დღე იძაბება, კონფრონტაცია მძიმე ფაზაში შედის, რამდენად გაუძლებენ მხარეები, რომ ნერვებმა არ უმტყუნოთ?!”

30 წლის ნაშენებ სახელმწიფოს შენარჩუნება და განვითარება სჭირდება, ჩვენ ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ და ერთმანეთის მოსმენა, ეს ეხება ჩინიანსაც და უჩინოსაც, სახელმწიფო მოხელესაც, რიგით მოქალაქესაც და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ხობის დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

“დღეს ძალიან მძიმე გზას გადის ჩვენი სამშობლო. მოდით ასე ვთქვათ – ქართული სახელმწიფოებრიობა. მე მახსენდება სასულიერო სემინარიაში სწავლის ერთი ეპიზოდი; ეს არის პერიოდში, როდესაც, მე-20-ე საუკუნის მიწურულს, ეროვნული მოძრაობა აღმავლობის გზაზე იყო; შევესწარი ორ თანაკურსელ სტუდენტს შორის კამათს. ერთი მათგანი მიმდინარე ეროვნული მოძრაობის სასარგებლოდ იცავდა პოზიციებს და ცდილობდა მეორის დარწმუნებას, რომ ეს ყველას საქმეა და მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან ეს ჩვენს სამშობლოს სჭირდება; მეორე კი პასუხობდა: შენი ჭირიმე, თუ ძმა ხარ, არ გინდა ახლა ასეთი საუბარი, მე ქრისტიანი ვარ და ჩემი სამშობლო ზეცაშია! რომელი იყო მათგან მართალი და რომელი მტყუანი?!

ამ კამათში, ერთი შეხედვით, თითქოს დიამეტრულად განსხვავებული პოზიციებია გამოთქმული, მაგრამ სინამდვილეში ორივე პოზიცია გახლავთ ერთი მედლის სხვადასხვა მხარე. ანუ თვით ამ ტიპის კამათი არის უაზრო და გამოწვეულია უმეცრებით და სათანადო განათლების ნაკლებობით.

ამ ორი პოზიციისა თუ შეხედულების შეპირისპირება უკვე არასწორია და დიდი შეცდომაა. დიახ, ქრისტიანის სამშობლო ზეცაშია, არა ამსოფლიურია (და სწორედ ამის შესახებ ამბობს პილატეს სამსჯავროზე მყოფი იესო ქრისტე), მაგრამ ადამიანს პირველ რიგში გაქვს მიწიერი სამშობლო, და აქედან იწყება მარადიულობისკენ მიმავალი შენი ცხოვრების გზა. აქ დაიბადე, აქ აიდგი ფეხი, აქ ამეტყველდი, აქ განიცადე პირველი სითბო და სიყვარული მშობლისგან, ოჯახის წევრთაგან; აქ ცხოვრობდა შენი წინაპარი და აქ უნდა დაიბადოს და სიცოცხლეს ეზიაროს შენი შთამომავლობა. შენ თუ ასე უგუნურად გამიჯნავ და დააპირისპირებ ერთმანეთთან სამშობლოს სულიერ და ფიზიკურ ცნებას, საბოლოო ჯამში, ამაო აღმოჩნდება შენი ცალმხრივი ძალისხმევა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ზომიერების გზაზე სიარული; ამ გზას სამეუფო გზა ქვია; მიეცი ღმრთისა ღმერთს, და კეისრისა – კეისარს.

არ მეგულება გონიერი ადამიანი, ვისაც არ აფიქრებდეს, თუ რა პირობებში და რა ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება შვილებისა და შვილთაშვილების თაობას. ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ მოქალაქეებისთვის შექმნას დაცულობის ერთგვარი გარანტიები.

ძალიან მტკივნეულია, როცა ვხედავთ უამრავ შეწუხებულ და უიმედობის ზღვარზე მყოფ ჩვენს თანამემამულეს, რომელთაგანაც ნაწილი უცხო მხარეში ეძებს თვითრეალიზაციის საშუალებებს ან სულაც ფიზიკური გადარჩენის გზებს. ქვეყნის შიდა მდგომარეობა დღითი-დღე იძაბება; სად გაწყდება თოკი, არავინ იცის. კონფრონტაცია მძიმე ფაზაში შედის; რამდენად გაუძლებენ მხარეები, რომ ნერვებმა არ უმტყუნოთ?! არსებობს საფრთხე, რომ არა თუ ერთმანეთს ვკარგავთ, არამედ მომავლის პერსპექტივებიც კი სათუო გახდეს.

დიალოგის, საუბრის, თუნდაც კამათის აზრი იმაშია, რომ ადამიანებმა დაანგრიონ კედლები და იპოვნონ ერთმანეთი.

მკვეთრი დაპირისპირებები, სადაც კეთილი ნება არ დომინირებს, ყოველთვის კონფრონტაციისკენ მიდის და დაპირისპირება უფრო მძაფრ ხასიათს და სახეს იღებს. ნათქვამია, ეშმაკს არ სძინავსო. 30 წლის ნაშენებ სახელმწიფოს შენარჩუნება და განვითარება სჭირდება. ჩვენ ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ და ერთმანეთის მოსმენა. ეს გვეხება არ მხოლოდ რიგით ადამიანებს, მე და თქვენ, არამედ ეს ეხება ჩინიანსაც და უჩინოსაც, სახელმწიფო მოხელესაც, რიგით მოქალაქესაც და აბსოლუტურად ყველა ადამიანს.

ჩვენ გვახსოვს 1990-იანი წლების დასაწყისში და მანამდეც როგორ იწყებოდა საბრძოლო მოქმედებები, დაპირისპირება და რამხელა მსხვერპლი მოყვა ამას და როგორ დაზარალდა და დამახინჯდა რამდენიმე თაობის ცხოვრება და ამის შედეგები, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის დაძლეული; ეს წარსული და მისი მძიმე შედეგები კიდევ დიდხანს შეგვახსნებს თავს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენ არ გავაკეთოთ შესაბამისი ანალიზი და არ გამოვიტანოთ სათანადო დასკვნები!

რამდენად ვიქნებით ჩვენ თანხმობაში ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან, იმდენად შევძლებთ ჩვენი ქცევის სწორად განსაზღვრა–შეფასებას და ჩვენი ქმედებების სწორად წარმართვას. იმედი მაქვს, შევძლებთ განსაცდელთან გამკლავებას!”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

banner
წინა სტატიაშიპირველად რეგიონებში, ქუთაისში ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების შესახებ ტრენინგი ჩატარდება
შემდეგი სტატია“მეამბოხე” მაჟორიტარის ,ირაკლი შიოლაშვილის ქონებით “ფლანგვის დეტექტორი” დაინტერესდა