“შევთანხმდით იმაზე, რომ ბევრი საერთო საქმე გვაქვს” – სალომე ზურაბიშვილი

ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას, ასევე ნატო-ს მუდმივ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევებია,- განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ.

“ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას, ასევე ნატო-ს მუდმივ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევებია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტები, საოკუპაციო ხაზი და ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაზრდა. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას ევროპისა და ნატო-სთვის. ეს ასევე, არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაც. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ბევრი საერთო საქმე გვაქვს, რომელიც ეხება ყველა სახის უსაფრთხოებას, მათ შორის კიბერუსაფრთხოებას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც დიდწილად რუსეთის მიერ არის გამოყენებული. ასევე ვილაპარაკეთ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზეც. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცნობილი, როგორც არა მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც პარტნიორების დახმარება სჭირდება, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც თვითონაც შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო მშვიდობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო მზადაა ძალიან აქტიური იყოს ჩვენთან. პირველი ჩემი ვიზიტი დაიწყება ბრიუსელით, სადაც მდებარეობს ნატოც და ევროკავშირიც. აუცილებელია, ჩვენ ეს კავშირები გავაძლიეროთ,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია : აქცია ჩატარდება სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა სახით
შემდეგი სტატია“გამოდი, უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა!” – ხელჩართული დაპირისპირება ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის (ვიდეო)