შევარდნაძის მმართველობის ჩინოვნიკი შენგელი ფიცხელაური სუს-ის უფროსის მოადგილედ ინიშნება -“კურიერი”

შევარდნაძის ეპოქის კიდევ ერთ საკადრო კოლორიტს “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აბრუნებს – “კურიერის” ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ინიშნება.

ის უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. ფიცხელაურმა საზოგადოებას თავი “რუსთავი2”-ს წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებით და სპეცოპერაციებით დაამახსოვრა.

გავრცელებულ ინფორმაციას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, “რუსთავი2”-თან სატელეფონო საუბრისას ის არც უარყოფს და არც ადასტურებს.

“არა, ჯერ არა. ყველაფერს გეტყვით, როდესაც გადაწყდება,“-აცხადებს ფიცხელაური.

კითხვაზე იყო მისი რეკომენდატორი, ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფიცხელაური ამბობს, რომ არა. მისივე ინფორმაციით, ის შს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველია.

„არა ბატონო, მრჩეველი ვიყავი შს მინისტრის. ჯერ არ დავნიშნულვარ. იქნება არ ვინიშნები და წინასწარ ხომ არ დავიწყებ რაღაცეებზე საუბარს. როდესაც გადაწყდება დამირეკეთ და ყველაფერს გულწრფელად მოგახსენებთ,“-აცხადებს ფიცხელაური.

შენგელი ფიცხელაურს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1976 წლიდან ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე. 1991 წლიდან ფიცხელაურმა იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა. იყო ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე. შენგელი ფიცხელაურს შევარდნაძის მთავრობის დროს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ის ასევე არის სპორტსმენი ძიუდოისტი.

banner
წინა სტატიაშირუსთავის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირანის ორ მოქალაქეს 16-16 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაშერემეტევოში თვითმფრინავის ხანძრის გაჩენის მიზეზი დაადგინეს