“ევროპული საქართველო” პარლამენტში შესვლაზე იმსჯელებს

პარლამენტში შესვლის საკითხზე დღეს, 18 მაისს “ევროპული საქართველო” პოლიტსაბჭოზე იმსჯელებს. გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი. პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს.

პარალელურად “ევროპული საქართველო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. დღეს განსახილველ საკითხებს შორის მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და სამომავლო სტრატეგიაც იქნება.

“პოლიტსაბჭოზე პირველი, რა თქმა უნდა, გამოცხადდება ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება, პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსჯელობა იქნება იმ საკითხებზე, რომლითაც კამპანიები დაიგეგმება.

ევროპული საქართველო აქტიურ კამპანიას დაიწყებს და ქართულ ოცნებას იძულებულს გავხდით, რომ გადმოერთოს იმ საკითხებზე, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს და დაკავდეს მათი პრობლემებით”,-თქვა ლაშა დამენიამ.

19 აპრილს შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტზე მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს. დოკუმენტზე ამ დრომდე ხელი არ მოუწერია “ნაციონალურ მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს” და “ლეიბორისტულ პარტიას”. პარლამენტში შესვლის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს “ნაციონალურ მოძრაობაშიც”.

პოლიტიკა

banner
წინა სტატიაში„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ
შემდეგი სტატიაპეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია